
ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის გოგო, მარიტა მეფარიშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი ავრცელბს.
"მოხდა უდიდესი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მარიტა მეფარიშვილის ოჯახს. ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც დატრიალდა. 55-ე სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე და იმ რეგულაციების მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი აცნობოს მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ, მან შეასრულა. დამრიგებელმა საერთო ჩატით შეატყობინეს მშობლებს, რომ ბავშვები არ გამოცხადდნენ სკოლაში" - თქვა თამარ მახარაშვილმა. ის უბედური შემთხვევისას დაშავებული ბავშვების მოსანახულებლად მივიდა კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად, სამი მოზარდი დაშავდა. მათ შორის ერთი გარდაიცვალა, ერთი მართვით სუნთქვაზეა, ხოლო ერთი კლინიკიდან სახლში გაეწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
0
0