ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია გრინსერვის+ აწარმოებდა. კომპანიას მხოლოდ 2022 წელს მხოლოდ თბილისის მერიისგან 5 მილიონზე მეტის ღირებულების ტენდერები აქვს მიღებული.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს, სადაც დღეს სამ მოზარდს დენმა დაარტყა და მათგან ერთი გარდაიცვალა, ბოლო ინსპექტირება 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაუტარდა.
თავის მხრივ გრინსერვის+-ის კონტრაქტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოების შესასრულებლად შპს ,,ჯორჯიან იუნიონ“- ია.
"[გამოძიება] დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო გრინსერვისი.
ცხადია შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისულები. დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ.
უდიდესი თემაა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი", - თქვა დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც გარდაიცვალა 13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკში ბურთით თამაშისას დენმა დაარტყა.
ვაკის პარკის შადრევნები გუშინ, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა. ვაკის პარკის რეაბილიტაცია ქალაქის მთავრობამ 2021 წელს დაიწყო.
0
0