19/05/2025
19:29

ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის ზრდა, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, ასევე უმუშევრობის შემცირების ტენდენციები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც ასევე შეფასებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა.
„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2024 წელს საქართველოს ჰქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 9. 4% შეადგინა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ სწორ ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველომ შეძლო დაბალ ნიშნულზე, მიზნობრივ მაჩვენებლებზე დაბლა შეენარჩუნებინა ინფლაცია, ასევე ხაზგასმულია ის გარემოება, რომ უმუშევრობა შემცირების ტენდენციით ხასიათდება. ანგარიში აფასებს იმ ნაბიჯებსაც, რომლებიც ქვეყანამ გადადგა ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით და იმ პროგრესს, რაც ამ კუთხით ფიქსირდება“, – განაცხადა ცინცაძემ.
ცინცაძის თქმით, ევროკომისია საქართველოში 2025 წელს 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია. მისივე განცხადებით, თუ შევხედავთ 2024 წლის ეკონომიკურ ზრდას, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველოს სამჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ვიდრე ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025-26 წლებში საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
0
0