
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 9 თებერვალს ევროკავშირის ლიდერებთან შესახვედრად სამიტზე ჩავიდა. ევროპარლამენტში საკუთარი გამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნების ლიდერებს პირისპირ შეხვდა. ამის დამადასტურებელი ფოტო უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წარწერით: "შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან".
"უნგრეთი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მიწოდებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან ავირიდოთ მეტი მსხვერპლი. უნგრეთი მშვიდობის მსურველთა ბანაკს ეკუთვნის". - წერდა იგი ზელენსკისთან შეხვედრის შეფასებისას.
თუმცა, მანამდე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ევროკავშირის ყველა ლიდერი, გარდა ორბანისა, ვოლოდიმირ ზელენსკის ტაშით შეხვდა.
უნგრეთმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციები და აღნიშნა, რომ სანქციებმა ვერ შეძლო მოსკოვის დასუსტება, თუმცა გაზარდა ევროპის ეკონომიკის განადგურების რისკი.
0
0