18/09/2023
19:37
პოლიტიკა
დღეს ჩვენ რეალურად შევდივართ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიაში ერთ-ერთ გადამწყვეტ პერიოდში, სადაც საზოგადოების წარმომადგენლების როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რაც არის გასაკეთებელი, როდესაც ჩვენ ვართ მისული ევროპის კარებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ახლა გადამწყვეტი ეტაპი აქვს.
„ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ცხოვრებაში თავისით არ მოდის არაფერი და ეს მთავარი გზა, რაც არის გასავლელი, არის ყველას ერთად გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. შეიძლება, ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ ყველას გვინდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს. სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ. არავინ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს. ის, ვინც ამას ეცდება, თვითონ დაიკარგება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ყველაფერი არის გასაკეთებელი სტატუსისთვის და ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის კულტურა, ჩვენი კულტურული ნაწილი და ამ კუთხით ჩვენი გზავნილები ევროპაში, რადგან ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად გვინდა, რომ შევიდეთ ევროპაში, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ვიყავით და ვიქნებით.
ზურაბიშვილის თქმით, ეს უნდა ყოფილიყო „ევროპალიაში“ მონაწილეობის მთავარი გზავნილი.
„სამწუხაროდ, ამ საკითხზე აქ დიდად არავინ საუბრობს, მიჩქმალულია ეს თემა, როცა ის ევროპაში ჩვენი კულტურული შესვლის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მინდა, მოვუწოდო ყველა მონაწილეს, გვქონდეს იქ ეს განაცხადი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო ჩვენი „ევროპალიის“ ღონისძიებების სათაური, რომ საქართველო ევროპაა. ეს გააერთიანებს ყველა ჩვენს მონაწილეს, რომლებიც იქ ჩადიან და ამ ექვსი თვის განმავლობაში იქნებიან რეალურად წარმომადგენლები ევროპული საქართველოსი. ეს არის ძალიან დიდი როლი და მათ წინასწარ დიდი მადლობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0