10/04/2023
18:15
პოლიტიკა
საქართველო მყარად გააგრძელებს მხარდაჭერას იმ პრიორიტეტების მიმართულებებით, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბუიარ ოსმანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის,როგორც ეუთო-ს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების მიმართულებით, ისე ორგანიზაციის მიღმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებითაც.
შეხვედრისას ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ამ კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანების უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები. გვქონდა ასევე საუბარი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის დარეგულირებას. სულ ახლახან ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც მან განმარტა, შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა.
„მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას. ამისთვის მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მას ექნება შესაძლებლობა, თავად იხილოს ადგილზე არსებული სიტუაცია. შევეხეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. უკრაინაში მიმდინარე ომს. ამ კუთხით ყურადღება გავამახვილე უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეუთოს ყველა მექანიზმის გამოყენების მნიშვნელობაზე“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.
„ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთო-ს სამივე განზომილების ფარგლებში. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეუთოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია,როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი მხარდაჭერილი იქნება“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
0
0