
9 ოქტომბერს ადამიანის უფლებების სფეროში ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია მიენიჭა თურქ ფილანთროპსა და ბიზნესმენს, ოსმან კავალას, ადამიანის უფლებების დაცვისთვის გაწეული "გამორჩეული" სამოქალაქო ძალისხმევისთვის.
ოსმან კავალა პოლიციამ 2017 წელს დააკავა, 2013 წელს "გეზის პარკის" მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების ორგანიზების ბრალდებით.
თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ნათქვამი აქვს, რომ კავალა იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 2013 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ე.წ. "გეზის პარკის" საპროტესტო გამოსვლებისა, რომლებიც უპირისპირდებოდა სტამბოლში პრეზიდენტის სამშენებლო გეგმებს. აქციებზე საპოლიციო ზეწოლამ მაშინ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.
კავალა უარყოფდა ამ ბრალდებას და ამბობდა, რომ ღიად ესწრებოდა "გეზის პარკის" აქციებს, რომლებიც, მისი თქმით, "დეცენტრალიზებული" იყო და ლიდერი არ ჰყავდა.
ცნობისთვის, 2022 წლის აპრილში სტამბოლის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ოსმან კავალას, რომელიც დამნაშავედ ცნეს მთავრობის დამხობის მცდელობაში, საპროტესტო გამოსვლების დაფინანსების გზით.
0
0