05/11/2024
15:30
პოლიტიკა
პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს. პროკურატურამ, რომლის საქმეა თვითონ ამტკიცოს არჩევნები რომ გაყალბდა, მე იქით უნდა ვუმტკიცო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, მზადაა წარადგინოს მტკიცებულებები, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.
„პრობლემა არ მაქვს. ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოვალ და დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. მაგისტრი მოსამართლის გარეშეც გავაკეთებ, ოღონდ საჯაროდ გააკეთონ, რამდენი მოსამართლეც უნდათ, დავსხდეთ და საჯაროდ გავარჩიოთ ეს საქმე. ვაჩვენებთ მტკიცებულებებს, როგორ გაყალბდა არჩევნები ფარულობის დარღვევებით. თუ ამის სურვილი არ აქვთ, მაშინ მაგისტრ მოსამართლესთან მივალ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება დღეს ჩანიშნულ აქციასთან დაკავშირებით გეგმების შეცვლას და სპორტის სასახლის ნაცვლად, 15:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებას, ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, რადგან ესმით, „რა ბრძოლაში არიან“.
„ყველას ესმის, რა სიტუაციაში ვიმყოფებით. ყველას ესმის, რომ გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად მიიღება და სწრაფად იცვლება. ეს არ იყო უბრალოდ მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ აქ ჩაინიშნა სხდომა, რომელიც 15:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო. შეგიძლიათ ჰკითხოთ და გეტყვიან, რომ პრობლემა არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმები შეიცვალა. ესმით, რა ბრძოლაში არიან. აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ დღეს ჩანიშნული იყო სხდომა, რომელიც ერთადერთი მიზეზით გადაიდო. გუშინ, დაემართათ ისეთი რამ, რაც მათთვის გაუთვლელი იყო. იცით, რომ თეთრიწყაროში პრაქტიკულად, სასამართლომ დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბდა, ფარულობა არ იყო დაცული და ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0