
სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს იგეგმება.
პროექტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილების ქონა – იცვლება არანაკლებ 10 წლის გამოცდილების მოთხოვნით. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ გასაჩივრების შედეგად კანდიდატის ხელახალი შეფასებისას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას.
ცვლილებები მოიცავს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხებსაც. მკაცრდება აკრძალვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე სამთვიან პერიოდში არჩევის თაობაზე. ცვლილებებით ზუსტდება მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის შინაარსიც.
0
0