
ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაეს სასამართლოსთან მისვლის შემდეგ ახალგაზრდები მომდევნო ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მსვლელობის დროს კი მათთან მოქალაქე მივიდა და მათ მოღალატეები უწოდა, რასაც შეხლა -შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა.
“რამდენი გადაგიხადა რუსეთმა?”, “შენ ხარ გამყიდველი”, - მიმართავდნენ მომიტინგეები პირს, რომელმაც მათ მოღალატე უწოდა.
აქციის ორგანიზატორები პოლიციას ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ, მსვლელობის მონაწილეებს კი არ აყოლოდნენ პროვოკაციას.
მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აღნიშნულმა მოქალაქემაც. მისი თქმით, აქციის მონაწილე ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები.
„აუტანელია ეს სიტუაცია. ჩვენი ახალგაზრდები, რომელთა გულისთვისაც თავი შევწირეთ, სისხლი ვღვარეთ, ათასი გაჭირვება გამოვიარეთ, დღეს ვხედავთ დეგრადირებულ ადამიანებს, რომლებიც არიან ჭკუიდან გადაყვანილი. მე მწამს, რომ ძალიან ბევრი არის გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ქვეყანა უყვარს, მაგრამ არიან ჭკუაარეულები. არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ზღაპარი“, – განაცხადა მოქალაქემ ჟურნალისტებთან.
ამ დროისთვის, ინციდენტი ამოწურულია. მსვლელობის მონაწილეები გეგმავენ, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.
შეგახსენებთ, აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდებმა მოგვიანებით მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს.
0
0