
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხებს. აღინიშნა ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების, ასევე, სამუზეუმო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურის დღეებზე, რომელიც უზბეკეთში 9-11 მარტს ჩატარდება. კულტურის დღეების ფარგლებში, ქ. ტაშკენტში, ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართება გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები - ,,ერისიონი“ და „ტუმორი“. ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში, ორი დღის განმავლობაში, ქართველი რეჟისორების - ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება მოეწყობა. ასევე, თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
თინათინ რუხაძემ უზბეკ კოლეგას თანამშრომლობისა და უზბეკეთში ქართული კულტურის დღეების გამართვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უზბეკეთის კულტურის მინისტრმა კულტურის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაადასტურა.
"ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. საქართველოში უკვე ჩატარდა უზბეკური კულტურის დღეები, ახლა კი, ჩვენ ვმართავთ ქართული კულტურის დღეებს, რაც ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მრავალმხრივი გეგმები გვაქვს. ვისაუბრეთ თეატრალური უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე; ასევე, მუზეუმებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თინათინ რუხაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია, უზბეკეთის კულტურის მინისტრის მრჩევლები - შოხრუჰ აკბაროვი და სიროჯიდდინ უსაროვი, უზბეკეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სარვარბეკ ფაზილჯონოვი.
0
0