
ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს – უვიზოს შეჩერება არ უნდა შეეხოს მოქალაქეებს, სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ ივანიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ -„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში მნიშვნელოვან შეხვედრებს აგრძელებენ, ხოლო პარტნიორებთან საუბარი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს შეეხებოდა.
„დღეს ვართ ბრიუსელში, სადაც გვქონდა პრინციპული საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროპარლამენტის წევრებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც აქტიურად ვსაუბრობთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ უნდა შეეხოს ჩვენს ოთხ მილიონ თანამოქალაქეს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნობრივ ჯგუფებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებით ადამიანის უფლებებს ყოველდღიურად არღვევენ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხებოდა პოლიტპატიმრების საკითხს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ბუნებრივია, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხის გმირული ნაბიჯებით არის განპირობებული”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
0
0