
წლებია, ოპოზიცია ღიად იბრძვის და არასოდეს მალავს, რომ გარკვეული სიები არსებობს, რომელსაც, მაგალითად, გეგელია ადგენს, ჩააქვს ბრიუსელში და ევროპელ პოლიტიკოსებს ეუბნება, რომ ეს ადამიანები დასასანქცირებელი არიანო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ოპოზიციის გეგმაა, რათა ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოება გააღიზიანონ.
„ლარის კურსზე შეტევა გაითვალისწინეთ. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოში რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება, მათთვის უკეთესია. შემდეგ დაპირებები მოდის ათასლარიანი პენსიების და ა.შ. ფონს გასვლა სწორედ ამ ზღაპრებით უნდათ. პროცედურულად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, რადგან ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღებისას თავისი რეგლამენტი უნდა შეცვალოს. მეორე მხრივ, ეს უნამუსო და უსინდისო დამოკიდებულება იქნება იმ კანდიდატი ქვეყნის მიმართ, რომელიც ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა მაჩვენებლით წინ უსწრებს.
ვხედავთ, რომ მსოფლიო კონიუნქტურა იქმნება არა ფაქტებიდან, არამედ გარკვეული ტრენდებიდან, რაც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას აქვს. რასაკვირველია, „დიფ სთეითის“ არსებობა რეალობაა და გავლენას მხოლოდ საქართველოზე არ ახდენს. მიგრაცია ერთ-ერთი პრობლემურია, მაგრამ ეს პრობლემები ევროპულ ქვეყნებში ღრმად არის გამჯდარი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიაში თქვა, რომ მათთვის მიგრაცია აუცილებელია, რათა გერმანიაში შობადობა გაიზარდოს. ეს უკმეხი გამოთქმაა, რაც არასტანდარტულია პოლიტიკოსისთვის, თუმცა ეს მიმანიშნებელია იმ არაჯანსაღი სიტუაციის, რაც ამის გამო შეიქმნა. რასაკვირველია, მიგრაცია სერიოზული პრობლემაა და მას გარკვეული მექანიზმი უნდა დაუპირისპირონ, მაგრამ მათ ასე წარმოუდგენიათ, რომ 61 ქვეყანას სავიზო რეჟიმი უნდა შეეზღუდოს, რათა მათი გავლით ევროპულ სივრცეში ის ადამიანები არ მოხვდნენ, რომელთაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ აქვთ.
არ შეიძლება, ევროკავშირში რაღაც საკითხს ქვეყნების ნაწილი წყვეტდეს და ამის წინააღმდეგი თუნდაც მცირე ნაწილი იყოს. ასეთ შემთხვევაში, ევროპული საზოგადოება დაიყოფა და გარკვეული პოზიციების მქონე ქვეყნებად დაიხლიჩება მაშინ, როცა ევროსტრუქტურების იდეა და აზრი ის უნდა იყოს, რომ კოორდინაცია მოახდინოს და საერთო პოზიციაზე გავიდეს. „დიფ სთეითის“ დავალება იმდენად ხისტი და მძიმეა, რომ უტიფარი პოზიციის გაჟღერებისგან თავს ვერ იკავებენ. შიდა კონსულტაციები კი არ მიდის, პირდაპირ ამბობენ, რომ ეს საკითხი ასე უნდა გადაწყდეს და ამას ადმინისტრაცია ამბობს და არა ევროპელი ამომრჩეველი. ევრობიუროკრატია არსებობს, რომელსაც კონკრეტული ამოცანა აქვს და მისთვის ეს მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს. არ შეიძლება, ევროპული ქვეყნების ნაწილმა მეორე ნაწილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღოს, რადგან ევროკავშირის იდეა სწორედ კონსენსუსი და გამჭვირვალობა, სამართლიანობაა. ეს ადრე თუ გვიან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0