
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირი პატიმრობაში დატოვა.
როგორც სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ემილ ნალიევმა განაცხადა, დაზარალებული მამაკაცი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.
“ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, ვადა, ვადაში ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან კიდევ სხვა რამეს მოიმოქმედებდა. მინდა, მაინც შეგახსენოთ ის, რაც მოხდა, გაითვალისწინოთ და უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ”, - მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ თავს იცავდა.
ცნობისთვის, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0