
კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა.
სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიმართა. დამსწრე საზოგადოებას სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინეს.
„დიდგორი 2025“ ეროვნული – სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც მხარდაჭერილია კომპიუტერული სისტემებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
კრწანისის პარალელურად, „დიდგორი 2025“-ის გახსნის ცერემონია სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება „დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი 2025“-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს.
თავდაცვის უწყების ცნობით, გაიზარდა საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც. საველე კომპონენტები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა: თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები, ვაზიანი, ორფოლო, ჩოხატაური, ბოლნისი, ალგეთი, ნორიო, გორი, კოპიტნარი, სენაკი, თიანეთი, ბათუმი, ფოთი და ქობულეთი.
0
0