
თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ შვიდი ბინა შეიძინა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები, დაახლოებით, 60 ბინით დაკმაყოფილდებიან, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით კი, ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, რაიონულ გამგეობებსა და მერიას მიმართონ.
„მოგეხსენებათ, წარმატებით მიმდინარეობს თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი. კიდევ შვიდი ბინა შევისყიდეთ სხვადასხვა ოჯახისთვის. ჯამში კი, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, უკვე შესყიდულია 20 ბინა. ახლად შესყიდულ ფართებს, ისევე, როგორც აქამდე შესყიდულ ბინებს, მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს გადასცემს. პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება. წელს, დაახლოებით, 60 ბინით დავაკმაყოფილებთ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს. რაც შეეხება სტატუსის მოპოვების პროცედურას, ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც გამგეობებს, ისე მერიას“, – განაცხადა კახა კალაძემ
0
0