
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სასამართლოში შეტანილი განაცხადის თანახმად, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირებმა წარადგინეს, USAID-ის ოფიციალურმა პირმა თანამშრომლებს დოკუმენტების დიდი რაოდენობის განადგურება უბრძანა.
ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში პროფკავშირები მიუთითებენ USAID-ის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს „დოკუმენტების გასანადგურებლად“.
წერილში არ იყო მოცემული დეტალები, რომელი დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო.
პროფკავშირების თქმით, ბრძანება „მიუთითებს სააგენტოს ჩანაწერების სწრაფ განადგურებაზე დიდი მასშტაბით“, რაც არღვევს ფედერალურ კანონს ჩანაწერების შენახვის შესახებ.
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანნა კელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ცნობები დოკუმენტების განადგურების შესახებ არის „ყალბი ამბების ისტერია“ და აღნიშნა, რომ დოკუმენტები იყო „ძველი, უმეტესად სხვა უწყებებიდან მიღებული, რომლის ორიგინალი ვერსიებიც კვლავ არსებობს კომპიუტერულ სისტემებში“.
კელიმ ასევე დაწერა, რომ USAID-ის შენობას მალე აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური დაიკავებს.
0
0