
USAID-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით სერბეთის პოლიციამ სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, სერბი სამართალდამცველები ოთხი ორგანიზაციის ოფისებში შევიდნენ. გამოძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფონდების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.
სახელმწიფო პროკურორმა, ნენად სტეფანოვიჩმა თქვა, რომ სერბეთმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს სთხოვა ინფორმაცია სახსრების პოტენციური ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების შესახებ USAID-ის ფონდებთან დაკავშირებით სერბეთში.
სპეციალურმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა სთხოვა პოლიციას, შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები USAID-ის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ ეჭვებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, სერბეთში არჩევნებს აკვირდება.
სერბული სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს არის სერიოზული შეტევა ძირითად სამოქალაქო უფლებებზე და არის სერბეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე უკანონო ზეწოლის გაგრძელება.
0
0