
USAID-ის საქმიანობა და დაფინანსებული პროექტების მიზნები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თეთრი სახლი წყვეტს საგარეო პროექტების 90 პროცენტზე მეტის დაფინანსებას. USAID-ის თანამშრომლები სააგენტოს სათავო ოფისს ტოვებენ. "როიტერის" ინფორმაციით, მათ საკუთარი ნივთების შესაგროვებლად 15 წუთი მისცეს.
USAID-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს საფუძველი არ აქვს.
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" დირექტორის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, USAID ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საქართველოში, ასევე სხვა განვითარებად ქვეყნებში.
"ზოგი კონგრესმენი სიმართლეს ამბობს და ზოგიც ტყუის. რეალურად, USAID-თან ჩვენ ბევრი გადაკვეთა არ გვქონია, მცირე ერთობლივი პროექტი გვქონდა მედიის დახმარებისა, მაგრამ არავითარი რადიკალური დღის წესრიგი ჩვენ არ გვქონია. ჩვენი დღის წესრიგი იყო ქვეყნის განვითარება. USAID ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საქართველოში, ასევე სხვა განვითარებად ქვეყნებში. ეს არ იყო ჩარევა, ეს იყო დახმარება. ამიტომ, ასეთი შეფასებები, რომელსაც სამწუხაროდ, ამერიკის ხელისუფლების ნაწილი აკეთებს დღეს, ეს არის სწორედ ჩემთვის რადიკალური," - აცხადებს ქეთევან ხუციშვილი.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ USAID ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებდა.
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მუდმივად დაარსებიდან ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. USAID ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებდა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მისამართითაც, ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი იქნა გადადგმული," - ამბობს ნინო დოლიძე.
ცნობისთვის. USAID-ის თემაზე იმსჯელეს წარმომადგენელთა პალატაში. კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა USAID-ის თანამშრომლების საქმიანობის გამოძიება დაანონსა.
რესპუბლიკელმა კანონმდებელმა თქვა, რომ USAID-ის დემოკრატები მსოფლიოს მასშტაბით ტვინის გამორეცხვის მანქანად იყენებდნენ, რომ განვითარებად სახელმწიფოებში რადიკალური სოციალური დღის წესრიგი გაეტარებინათ.
0
0