
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურუსლა ფონ დერ ლაიენმა სერბეთს ახსენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია საგარეო პოლიტიკის სინქრონიზაცია, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში.
ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელგრადში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსნდრ ვუჩიჩს შეხვდა.
„თქვენ მოახდინეთ საგარეო პოლიტიკის 61%-ის კოორდინაცია, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სანქციების კონტექსტში ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირს სურს სერბეთი სანდო პარტნიორად იხილოს.
თავის მხრივ, ვუჩიჩმა ევროკომისიის პრეზიდენტს შეახსენა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, სერბეთს ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო არცერთი კლასტერი არ გაუხსნია, თუმცა მისი მოსაზრებით, სერბეთმა ბევრი რამ კარგად გააკეთა.
ვუჩიჩის თქმით, განცხადებები, რომ სერბეთი ევროკავშირში 2025 წლისთვის გაწევრიანდება იმ პერიოდში კეთდებოდა, როდესაც ევროკომისიას სხვა ხალხი ხელმძღვანელობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა.
„ჩვენ შევეცდებით შევასრულოთ ის, რასაც უწოდებენ რეფორმების დღის წესრიგი, იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერში ევროკავშირის მხარდაჭერა გვექნება და, რომ ჩვენ ბრიუსელში მოგვისმენენ. ეს ყოველთვის იოლი არ არის და არც ისე ადვილია სრულად წარუდგინოთ აქ ხალხს“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
საპასუხოდ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ დადგა დრო, სერბეთმა გადადგას ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
„უპირველეს ყოვლისა, პროგრესი კანონის უზენაესობის, მედიის და საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში. აუცილებელია ინვესტიციების დაბანდება ამ ძალისხმევაში, რადგანაც ეს გაახლოებთ მიზანთან. ეს არის ფუნდამენტი მშვიდობიანი საზოგადოებისთვის. მე მინდა, მივესალმო პროგრესს საარჩევნო რეესტრისა და საარჩევნო უფლებების საკითხზე მომუშავე საბჭოს შექმნაში. იმპლემენტაცია არის გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ გიწვევთ ბრიუსელში, რომ გაეცნოთ სიტუაციას ადგილზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირის პოზიციაა – თავისუფლება, არა რეპრესიები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას და არა დაქვემდებარებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სერბეთისთვის გეგმის ფარგლებში გამოყოფილია 100 მილიონი ევრო და იქნება მეტიც.
თავის მხრივ, ვუჩიჩმა თქვა, რომ ამაყობს დემოკრატიისადმი ერთგულებით და სერბეთის სახელმწიფოს მოპყრობით პროტესტის მონაწილეებთან. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში 11 თვის განმავლობაში 25 000-ზე მეტი უკანონო აქცია გაიმართა და არავინ დაღუპულა.
„პოლიციის რეაქციაზე როდესაც საუბრობთ, ძალის გადამეტებაზე – თუ ასეთი რამ ოდესმე მოხდა, ეს იყო უკიდურესად აუცილებელი და ძალის მინიმალური გამოყენებით“, – თქვა ვუჩიჩმა.
0
0