
ევროპა სრულად მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც პირდაპირი ძალაუფლება განსაზღვრავს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპისთვის აუცილებელია, „დააჩქაროს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა“ და მიიღოს „ძალაუფლების ახალი ბერკეტები“.
„უსაფრთხოების მიზნით დამატებითი ტარიფების მუქარა უბრალოდ არასწორია. ევროპა დიალოგს და გადაწყვეტილებებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჩვენ სრულად მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედოთ ერთიანობით, სასწრაფოდ და მტკიცედ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ აშშ-ის პრეზიდენტის სატარიფო მუქარაზე რეაგირება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე გრენლანდია აშშ-ის მფლობელობაში არ გადავა. ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულის ფლობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ტერიტორია საჭიროა სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად გამიზნული ახალი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
0
0