
ევროკავშირის საგანგებო სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება საინვესტიციო პაკეტი გრენლანდიისთვის და გააქტიურდება მუშაობა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო თანამშრომლობის აღსადგენად.
„ჩვენი ერთობლივი ინვესტიციები გრენლანდიის უსაფრთხოებაში არასაკმარისი იყო, ამიტომ ახლა ამ მხრივ ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს. ასევე გვსურს არქტიკის უსაფრთხოების საკითხში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა განვავითაროთ, კერძოდ შევიძინოთ თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის დასრულების შემდეგ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 1 თებერვლიდან აღარ დაუწესოს ტარიფები გრენლანდიის საკითხში დანიის მხარდამჭერ ევროპულ ქვეყნებს.
„პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელი განცხადება ტარიფებთან დაკავშირებით დადებითი სიგნალია. დამატებით გადასახადები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმებისთვის შეუთავსებელი იქნებოდა. ჩვენი მიზანი კი ვაშინგტონთან სტაბილური სავაჭრო თანამშრომლობაა. ამასთან ერთად, ევროკავშირი გააგრძელებს საკუთარი ინტერესების დაცვას ნებისმიერი წნეხის წინააღმდეგ“, - თქვა კოშტამ.
0
0