
მეორე სამიტი, რომელიც გაიმართა უნგრეთის ხელისუფლებასთან, იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას, რაზეც პრემიერ-მინისტრებმაც გააკეთეს განცხადება. სამიტი შეეხო როგორც სპორტს, კულტურას, განათლებას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ეხმარება ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველო – უნგრეთის მთავრობათაშორისი მეორე სამიტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.
დავითაშვილის თქმით, საქართველოს უნგრეთთან ვაჭრობის კუთხით აქვს წინსვლა და 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა.
გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა უნგრეთთან თანამშრომლობა ტრანსპორტის, კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი თქმით, უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir -ი საქართველოში წარმომადგენლობას აფართოებს და დღეს საქართველოს ავიაბაზრის ნომერი პირველი ავიახაზებია, რომელიც საქართველოს დაახლოებით 28 მიმართულებასთან აკავშირებს.
ლევან დავითაშვილის თქმით, თანამშრომლობის არსებული დონე საკმარისი არ არის.
„ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი, ამიტომ ჩვენ დავიგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომლებიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კერძო სექტორმა უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ხელშეკრულებაზე ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ, ასევე უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმებზე კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა უკეთ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებობს. კონკრეტულად შევეხეთ თანამშრომლობას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სფეროში, საინვესტიციო მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0