
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა არმიის შეჭრა არასწორი ნაბიჯი იყო.
„სხვა ადამიანების ინტერესების საზიანოდ საგარეო პოლიტიკის გატარება სწორი არ არის,“ - განაცხადა პუტინმა პლენარულ სესიაზე.
როგორც ცნობილია, 1956 წელს საბჭოთა კავშირის არმია უნგრეთში შეიჭრა, ხოლო 1968 წელს - ჩეხოსლოვაკიაში.
მოდერატორის შეკითხვაზე, როგორ უპასუხებდა მათ, ვინც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი კოლონიურ ძალას განასახიერებდა, როდესაც მან 1968 წელს პრაღაში, ხოლო 1956 წელს ბუდაპეშტში - ათასამდე ტანკი შეუშვა, პუტინმა თქვა: ”ჩვენ დიდი ხნის წინ ვაღიარეთ, რომ საბჭოთა პოლიტიკის ეს ნაწილი მცდარი იყო და ამ ნაბიჯმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ დაძაბულობა გამოიწვია. საგარეო პოლიტიკაში ისეთი რამის განხორციელება არ შეიძლება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სხვა ხალხის ინტერესებს. დასავლეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, აშშ, ახლა უშვებენ იმავე შეცდომას, რაც მანამდე საბჭოთა კავშირმა დაუშვა.
ისინი თავიანთ მოკავშირეებზე, ე.წ. პარტნიორებზე, ზეწოლას ახდენენ. მათ არ ჰყავთ მეგობრები - მხოლოდ ინტერესები აქვთ. ეს ცნობილი ბრიტანული ფორმულის გაგრძელებაა".
როგორც BBC-ი წერს, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის ქმედებებთან დაკავშირებით პუტინის კომენტარები, როგორც ჩანს, მისი წრის ზოგიერთი წარმომადგენლის შეხედულებას ეწინააღმდეგება.
პუტინის ერთ-ერთი მრჩევლის, ვლადიმერ მედინსკის მიერ დაწერილი ისტორიის სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ 1956 წლის უნგრეთის რევოლუცია დასავლეთის მიერ ორგანიზებული ფაშისტური აჯანყება იყო. მისივე თქმით, 1990 წელს უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა შეცდომა იყო. უნგრელმა პოლიტიკოსებმა და ისტორიკოსებმა 2023 წლის აგვისტოში გამოცემული სახელმძღვანელო გააკრიტიკეს.
პეტოფის ლიტერატურული მუზეუმის დირექტორმა ზილარდ დემეტერმა განაცხადა, რომ „არაადამიანური დიქტატურა მაინც არაადამიანურად დარჩება, თუნდაც ვინმემ მისი დადებითად წარმოჩენა დაიწყოს“.
ასევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ "უნგრეთის ისტორიაში არსებობს საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვინმესთან დებატებსაც კი არ დავიწყებთ. 1956 წლის რევოლუციონერები ჩვენი გმირები არიან."
0
0