
უნგრეთმა და სლოვაკეთმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არ დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ევროკომისიის გეგმის საპასუხოდ, რომელიც რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს.
„დღეს ჩვენ სლოვაკეთთან ერთად თავიდან ავიცილეთ სანქციათა მეთვრამეტე პაკეტის მიღება. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს, აეკრძალებოდათ რუსული ბუნებრივი აირისა და იაფი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა“, – განაცხადა სიიარტომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბრიუსელში ასევე მიმდინარეობს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების სხდომა, სადაც განიხილება სანქციების ახალი პაკეტის შემადგენლობა.
ევროკომისიის შეთავაზებაა, რომ მე-18 პაკეტში შევიდეს შეზღუდვები რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთ ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ასევე რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი 60-დან 45 დოლარამდე შემცირდეს.
გარდა ამისა, სანქციები შესაძლოა, დაუწესდეს დაახლოებით 80 ხომალდს, რომელიც მიეკუთვნება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს.
0
0