
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტი ხელისუფლებას ასევე აძლევს უფლებას, გამოიყენონ სახის ამომცნობი ელექტრონული პროგრამები აკრძალული ღონისძიებების მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ასევე „ფიდესის“ კოალიციურმა პარტნიორმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირა მხარი, დაჩქარებული წესით დამტკიცდა. ის პარლამენტს წინა დღით წარუდგინეს.
კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს. წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს შესწორებების შეტანას შეკრების თავისუფლების კანონში. შესწორების თანახმად, იკრძალება ისეთი შეკრება, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. აკრძალულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა დაახლოებით 550 დოლარის ოდენობით.
უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრის დროს ოპოზიციის წევრებმა ფერადი კვამლი გაუშვეს.
ბუდაპეშტის პრაიდის ორგანიზატორები ახალ კანონს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მისი მიზანია ლგბტ თემის „განტევების ვაცად“ ქცევა და კრიტიკული ხმების გაჩუმება.
„ეს არ არის ბავშვთა დაცვა, ეს ფაშიზმია. მთავრობა უმცირესობის დევნით ცდილობს, მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკული ხმით შეზღუდოს. შესაბამისად, როგორც მოძრაობა, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა უნგრელის დემონსტრაციის გამართვის თავისუფლებისთვის“, – ნათქვამია ყოველწლიური ღონისძიების „ბუდაპეშტის პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებაში.
0
0