
უნგრეთის მთავრობამ აკრძალა რამდენიმე უკრაინული ონლაინგამოცემა, მათ შორის „უკრაინსკაია პრავდა“ და „ევროპეისკაია პრავდა“.
შესაბამის ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის აპარატის ხელმძღვანელი გერგეი გუიაში ავრცელებს.
სექტემბრის შუა რიცხვებში უკრაინამ აკრძალა რამდენიმე უცხოური გამოცემა, რომელთა შორის იყო უნგრული Origo და Demokrata. უკრაინის მხარის განცხადებით, ეს ვებგვერდები რეგულარულად ავრცელებდნენ რუსულ პროპაგანდას.
როგორც უნგრეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს, უკრაინა შეშფოთებული იყო, რომ აღნიშნულმა გამოცემებმა გაბედეს კრიტიკულად წერა რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, ასევე, იმის გამო, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები წარმოაჩენდნენ, რომ ევროკავშირი და ნატო ფრაგმენტირებული და არაეფექტიანი ორგანიზაციებია, გაბედეს, ეწერათ სოროსის ფონდის გავლენის საქმიანობის შესახებ.
„ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად, უნგრეთი დღეს აწესებს სარკისებრ ზომებს უკრაინის საინფორმაციო პორტალების წინააღმდეგ, ამიტომ ისინი არ იქნება ხელმისაწვდომი უნგრეთში“, – განაცხადა გუიაშმა.
უნგრეთში აკრძალულ უკრაინულ ონლაინგამოცემებს შორის ასევე არიან tsn.ua, hromadske.ua, lb.ua, nv.ua.
„ევროკავშირის ფრაგმენტაცია თუ უკრაინაში სახელმწიფო ცენზურის მიზეზია, მაშინ დროა, უკრაინამ უარი თქვას მასში გაწევრიანებაზე. უკრაინის გაწევრიანებით ევროკავშირი კიდევ უფრო დანაწევრებული გახდება, ხოლო თუ ვინმეს სურს ცენზურა, უმჯობესია, შეზღუდონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში სოროსის ჩარევა და არა ამ საკითხზე აზრის გამოხატვის თავისუფლება“, – წერს გუიაში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
0
0