
უნგრეთის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ გადახედონ საკუთარ პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვასთან დაკავშირებით, თუ კიევი „რეალურ ნაბიჯებს“ გადადგამს.
აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევენტე მადიარმა განაცხადა.
მადიარმა ასეთი ვარაუდი გამოთქვა უკრაინის ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, კაჩკასთან განიხილეს ის მიზეზები, რის გამოც ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკარპატიელი უნგრელების მდგომარეობაზე საუბარს.
„ვიცე-პრემიერი დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერთვება ორმხრივ პროცესში, რომლის მიზანიცაა, ერთობლივად მოიძებნოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც უმცირესობათა უფლებების სფეროში დაპირისპირებას იწვევს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ, მაგრამ უკრაინის მხრიდან ველოდებით, რომ ბოლოს და ბოლოს რეალური ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა უნგრელმა მაღალჩინოსანმა.
მადიარმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „კიევის ახალი დაპირებები კიდევ ერთ შეუსრულებელ პირობას არ დაემსგავსება“.
„ასეთი დაპირებები იმდენად ბევრია, რომ მათი რაოდენობით შეიძლება, გადაიკეტოს უფრო დიდი მდინარეებიც, ვიდრე დუნაია“, – წერს მადიარი.
0
0