
უნგრეთის მთავრობა გეგმავს, ბავშვების დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანოს, რაც LGBTQ+ თემის წარმომადგენლების ყოველწლიური აღლუმის აკრძალვას გზას გაუხსნის. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გერგელი გულიაშმა ბრიფინგზე განაცხადა, წერს Reuters-ი.
გერგელი გულიაშის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და მორალური განვითარების უფლება „უპირატესია ყველა სხვა უფლებაზე, გარდა სიცოცხლის უფლებისა“.
კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს 28 ივნისს ბუდაპეშტში დაგეგმილი პრაიდის აღლუმის აკრძალვას, გულიაშმა თქვა, რომ „კონფლიქტი შეკრების უფლებასა და ბავშვების ჯანსაღი განვითარების უფლებას შორის განმარტებას საჭიროებს“.
მისივე თქმით, მათ, ვისაც „მახვილი სმენა აქვთ“, შესაძლოა გაიგონეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება პრაიდს უკავშირდება.
„ქვეყანამ არ უნდა მოითმინოს პრაიდის მსვლელობა ბუდაპეშტის ცენტრში“, - აღნიშნა გულიაშმა.
26 თებერვალს მან განაცხადა, რომ წლევანდელი პრაიდი „დახურულ ადგილას“ უნდა ჩატარდეს.
უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 22 თებერვალს მხარდამჭერებს განუცხადა, რომ პრაიდის ორგანიზატორები წელს „არც კი უნდა შეწუხდნენ“, რადგან ღონისძიება „ფულისა და დროის გაფლანგვა იქნება“.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა 2021 წელს აკრძალა „ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაცია“ 18 წლამდე ახალგაზრდებში, უფლებადამცველი ჯგუფებისა და ევროკავშირის ძლიერი კრიტიკის მიუხედავად.
0
0