27/04/2023
20:54
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს უნგრეთში და CPAC-ში (კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია) მონაწილეობას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა.
მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში დეპუტატმა აღნიშნა, რომ უნგრეთი არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი და მხარდამჭერი. ამასთან, ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ღირებულია ის მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც იმართება ეს კონფერენცია.
„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის (იმიტომ რომ, უმრავლესობის არჩეულია ჩვენი ხელისუფლება) ნამდვილად ღირებულია ის მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც ტარდება ეს კონფერენცია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი დაესწრება ამ კონფერენციას და მადლობა უნგრულ მხარეს მოწვევისთვის. ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა და ჩვენი მხარდამჭერი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ უნგრეთი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც გამოთქვა გაკვირვება, თუ რატომ არ მიეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რადგან მას შემდეგ, რაც ქულებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა საქართველო იყო მოწინავე.
ეს ის ქვეყანაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. უნგრეთი ევროკავშირის ქვეყანაა და ევროკავშირში რაც უფრო მეტი გულშემატკივარი გვეყოლება, მით უკეთესი.
ამ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოში არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია. ის, რაც განვითარებულ ქვეყანას სჭირდება, ანუ ოპოზიციის ფუნქცია, რომ შენს მოქალაქეებს შესთავაზო რაღაც უკეთესი, ვიდრე ხელისუფალი სთავაზობს და გარეთ წარმოადგენდე შენს ქვეყანას, ეს არის ოპოზიციის მთავარი ფუნქცია. ახლა დააკვირდით ჩვენს ოპოზიციას, რით არიან ისინი დაკავებულები - საკუთარ ქვეყანას აბრალებენ თანამშრომლობას მტერ სახელმწიფოსთან, ფაქტების გარეშე. ეს როგორ არის ოპოზიცია? ეს არის ქვეყნის მტერი.
სრულიად უწყინარ კანონს, რუსული დაარქვეს და ვნახეთ რამხელა ვნებათაღელვა მოყვა ამას. მსჯელობაში ვინმე შემოვიდა? ვერავინ დაამტკიცა, მაგრამ რადგან დაკვეთა იყო, ასე უნდა ეძახებინათ. აქაც ახლა რა არის, სად შეიძლება მოძებნო კავშირი? რადგან ორბანს განსხვავებული პოზიცია აქვს რუსეთთან დამოკიდებულებაში. ამის გამო ოპოზიციამ პირდაპირ დააკავშირა რუსეთთან. მხოლოდ ეს არგუმენტია, სხვა არგუმენტი ხომ არ არსებობს. აქ იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ თითქოს ის არის რუსეთის წარმომადგენელი. ასეთი გზავნილებით გამოირჩეოდა ოპოზიცია. შეუძლებელია, რომ ამ ხალხს და ამ ძალას მიეცეს საშუალება, რაიმე სახით ქვეყნის სათავეში მოვიდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე“ ერთ-ერთი სპიკერი იქნება.
0
0
უმძიმესი ავარია თბილისში - დაშავდა 5 პირი
20/11/2024