08/03/2023
00:05
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოსახატად უნდა იდგნენ მანამ, ვიდრე სპეცრაზმელებს თავიანთი სიმტკიცითა და სიმრავლით არ დაღლიან.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც გასული დღეების განმავლობაში სხვადასხვა ტრიბუნასთან თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
„ეს არის პროცესი, რომელიც პარტიული პოლიტიკისგან მთლიანად დისტანცირებულია. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოიწადინებს, რომ ეს პარტიული ინტერესის სფეროში მოაქციოს, ამის უფლებას არ მივცემთ. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს პროცესს. უნდა ვიდგეთ, მანამ, სანამ ჩვენი სიმრავლითა და სიმტკიცით ამ სპეცრაზმელებს არ დავღლით.
თვეების განმავლობაში, კიევში, ადამიანები მეტროსადგურებში ათენებდნენ და აღამებდნენ. თვეების განმავლობაში იცხოვრეს იქ და შეინარჩუნეს თავისუფლების შანსი. ახლა გამარჯვების უდიდესი შანსი აქვთ. ჩვენ რამ უნდა შეგვიშალოს ხელი, რომ რამდენი დღე და ღამეც არ უნდა დაგვჭირდეს, მშვიდობიანად ვიდგეთ აქ. ეს არის სტრატეგია რომელიც რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ.
ჩვენ უნდა ვისაუბროთ კოლეგებთან, პარლამენტის ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან. მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან იბრძოლეს და ყველა შესაძლებლობა, რაც მათ მიეცათ, გამოიყენეს. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ახლა ბრძოლა უალტერნატივოა.
იმიტომ არ გვარბევენ, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ძალიან მშვიდად ვართ. განგებამ უკან დასახევი გზა აღარ დაგვიტოვა“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0