
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია უკრაინის პარლამენტის - ვერხოვნა რადას ფრაქციის „ევროპული სოლიდარობის“ წევრის, დეპუტატ ოლექს გონჩარენკოს წერილი სათაურით: „მე, როგორც უკრაინის სახალხო დეპუტატი, საკუთარი ხალხის წინაშე გულწრფელი უნდა ვიყო“, რომელშიც იგი შექმნილ სიტუაციას აანალიზებს და უკრაინელებს რეალიზმის გააზრებისაკენ მოუწოდებს.
"რამდენადაც 2025 წელი უკვე მთავრდება, ხოლო უკრაინის შესახებ მიმდინარე დებატები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება, დროა, დასკვნები გავაკეთოთ. არ შეიძლება მომენტის ხელიდან გაშვება. ჩვენთვის სამშვიდობო მოლაპარაკება უბრალო დიპლომატიური ღონისძიება კი არ არის, არამედ - ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობაა. აუცილებელია სიტუაციას პატიოსნად გავუსწოროთ თვალი და ერთმანეთი ილუზიებით არ ვანუგეშოთ.
ჩვენი, უკრაინელი პოლიტიკოსების ვალია, ღიად ველაპარაკოთ საკუთარ ხალხს. ძალა იზომება არა მხოლოდ ბრძოლისათვის მზადყოფნით, არამედ - დროულად შეჩერების უნარით - როცა გაცემული მსხვერპლი ისეთია, რომ საკუთარ არსებობას ემუქრება. წინააღმდეგობის გაწევა გამბედაობა და სიმამაცეა, მაგრამ საღი აზროვნების შენარჩუნებაც აუცილებელია.
ასეთ გზაგასაყარზე მდგარმა უკრაინამ მტკიცედ და მკაფიოდ უნდა იმოქმედოს. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ პრაგმატიზმს და რეალიზმს და არა ისეთ ფანტაზიებს და ილუზიებს, როცა სასურველს სინამდვილედ წარმოვსახავთ. ილუზიები შეიძლება ფატალური იყოს. არარეალურ მოლოდინებს შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ ჩვენს ერთადერთ რეალურ შანსს, ტანჯვა-წამების დასასრულებლად. რეალიზმი და სიმართლის აღიარება დამარცხების მოსურნეობა არ არის.
უნდა ვაღიაროთ: უკრაინას ამ ეტაპზე სამხედრო ძალით რუსეთზე გამარჯვება არ შეუძლია. მილიონობით უკრაინელს სურს ომში გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვების მიღწევა, სამართლიანობა და მავანთა პასუხისმგებლობა. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ჩვენი მტერი, ჩადენილი მხეცობისა და ტერორის გამო, მკაცრად იქნას დასჯილი. მაგრამ ჩვენს ობიექტურ სურვილებს თავისი საზღვარი აქვს: დასავლეთის უპრეცედენტო დახმარების მიუხედავად, უკრაინელების თავგანწირული გმირობისა და ურყევი, მტკიცე ნებისყოფის მიუხედავად, ჩვენ მაინც სუსტ მხარედ ვრჩებით." - აღნიშნულია გონჩარენკოს წერილში
0
0