01/05/2024
11:52
პოლიტიკა
უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და უნდა გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება ყველა უცხოური გავლენა. უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და უნდა გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ სამშობლოზე, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი არის ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი, მაგრამ ეს ყველაფერი გვინდა გავაკეთოთ ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით, ჩვენი სახელმწიფოებრიობით და პირდაპირ ვიტყვი, უცხოური გავლენის შემცირებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ ასეთ საქართველოს ვხედავთ, ასე მიგვაჩნია, ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, განვითარება, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სუვერენიტეტი, გამყარებული სახელმწიფოებრიობა. სხვანაირად შეუძლებელია იყო, ღირსეული წევრი იმ ოჯახისა, რომელსაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ ევროპაში ღირსეული და ძლიერი სახელმწიფოები სჭირდებათ.
„პირველ რიგში ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო და ამ ღირსებით მიგვიღებენ ზუსტად ევროკავშირში და გავხდებით ღირსეული წევრები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა 29 აპრილის საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
„ვნახეთ, რომ მართლაც მთელი საქართველო და მთელი თბილისი იდგა რუსთაველის გამზირზე. ეს არიან გულანთებული ადამიანები, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი სამშობლო. ის დამოკიდებულება ყველამ ვნახეთ, რაც აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი - ამ ქვეყნის პატრონი და ბატონი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა რომელიმე კონკრეტული ძალა ან ქვეყნის გარედან ან ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0