
ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა კვლავ პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
"არსებული კანონპროექტი, რაზეც ახლა მიდის მსჯელობა, პირდაპირ ემსახურება საქართველოში კრიტიკული აზრის აკრძალვას. ამიტომ, რაც შეგვიძლია - შემაწუხებელი აქცია იქნება, პარტიზანული აქცია თუ სხვა ტიპის პროტესტი უნდა განხორციელდეს, მათ შორის ღამის პროტესტი - კონკრეტულ პირებთან მისვლა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ კანონპროექტის მიღებაში, უნდა შეწუხდნენ," - ამბობს გიორგი მუმლაძე.
"არაერთი განცხადება მოვისმინეთ აშშ-სგანაც და ევროკავშირისგანაც, ამ ყველაფერს არ აქვს არაფერი საერთო არც ევროინტეგრაციის პროცესთან და არც ამერიკულ კანონთან. რაც ახლა პარლამენტში ხდება, არის სირცხვილი, ამ კანონის განხილვაზე არ უშვებენ იმ ადამიანებს, ვისაც ეს კანონი შეეხება, შესვლის პრობლემა აქვთ დეპუტატებსაც," - აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი ნიკა სიმონიშვილი.
ხმაურია პარლამენტის შენობაშიც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც, ტექნიკური შესვენების შემდეგ, სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
0
0