18/11/2024
20:23
პოლიტიკა
რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მას აქვს გეგმა, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე.
„გეგმა ასეთია, ცხადია, ახალი არჩევნები, როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, რაც დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. პირველი პუნქტი – არის საერთაშორისო გამოძიება არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები, ეს საჭირო იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა, თუ გვინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები, უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და იმ გზავნილებით, რაც იყო ეუთო/ოდირის მოთხოვნა. ასევე, დამატებით უცხოეთში პროცედურების გამარტივების მოთხოვნით და ამასთან, საარჩევნო დავებზე სპეციალური დავების სასამართლოს შექმნა. სასურველია, რომ ამ ინსტანციებში ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართულები. მეორე პუნქტი – 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის ნება არ არის ასახული არჩევნებში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0