-share.jpg)
უდავოა - საქართველოში გვიყვარს ახალი წლის ფეირვერკებით აღნიშვნა. ფეირვერკების გასროლა ახალი წლის დადგომამდე საათებით ადრე იწყება და ახალ წლის შემოსვლისას, 12 საათზე, ნახევარსაათიანი ფერადი და ხმაურიანი სანახაობა კულმინაციას აღწევს.
ქალაქის ყველა კუთხეში იპოვით დახლს, რომელიც ფეიერვერკების მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ - დაწყებული შუშხუნებით, დამთავრებული პროფესიონალური, მასიური ფეიერვერკებით.
ფეიერვერკების გამოყენებას ყოველ წელს ლამაზ სანახაობასთან ერთად, სავალალო შედეგებიც მოჰყვება ხოლმე- ხელში აფეთქება, პიროტექნიკის არასწორად გამოყენება, ნაპერწლებით გამოწვეულ დამწვრობები და ა.შ. ამასთან - ყოველ წელს, თბილისში ბინადარი უამრავი უსახლკარო ცხოველის შიშით სიკვდილი. მიუხედავად ამისა, პიროტექნიკის გაყიდვა-გასაღება საქართველოში არ იკრძალება და არც ახალი შემზღუდავი კანონებით რეგულირდება.
ამით, საქართველო განსაკუთრებულია, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პიროტექნიკის გაყიდვა- გამოყენება მკაცრად რეგულირდება - განსაკუთრებით, ახალი წლის ღამეს.
მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ პიროტექნიკის კლასიფიკაცია და თვალი შევავლოთ სხვა ქვეყნების მიდგომებს და რეგულაციებს ფეირვერკების ყიდვა-გამოყენების მიმართ.
როგორ ხდება პიროტექნიკის კლასიფიკაცია?
პიროტექნიკა ძირითად 4 კატეგორიად იყოფა - F1, F2, F3, და F4.
F1 კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი პიროტექნიკა, რომლის დახურულ სივრცეში გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. მაგალითად, ამ კატეგორიაში შედის ეგრედ წოდებული შუშხუნები და ტორტებისთვის განკუთვნილი მანათობლები.
F2 და F3 კატეგორიას წარმოადგენს საშუალო სიმძლავრის პიროტექნიკა. ეს ორი კატეგორია, გაყიდვადი პიროტექნიკის უმრავლესობას მოიცავს. მათ შორის განსხვავება უფრო ღრმა ტექნიკურ ანალიზს საჭიროებს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო დიდი მასის დენთს შეიცავს პიროტექნიკა, მით უფრო შეესაბამება F3 და არა F2 კატეგორიას. აქედან გამომდინარე, F2 - F3 კატეგორია უსაფრთხო მანძილის განსაზღვრითაც განსხვავდება. F2 კატეგორიის პიროტექნიკის ამოქმედების შემთხვევაში, მაყურებელისთვის მინიმუმ 8 მეტრი დისტანციაა რეკომენდირებული (რეკომენდირებულია 8-15 მეტრი). მინიმალური უსაფრთხო მანძილი F3 პიროტექნიკისთვის 25 მეტრამდე იზრდება. ამიტომ, აუცილებელია პიროტექნიკის შეფუთვაზე დატანილი ეტიკეტის შესწავლა და მისი შეძენისას და გამოყენებამდე, კატეგორიის იდენტიფიკაცია.

F4 კატეგორია ყველაზე მძლავრი და საშიში პიროტექნიკაა, რომელიც მხოლოდ პროფესიონალებისტვისაა განკუთვნილი და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. F4 პიროტექნიკის უმეტესობა ცეცხლის მოკიდებითაც კი არ აქტიურდება - საჭიროა მათი ელექტრონულად გააქტიურება. ამ კატეგორიის პიროტექნიკის არაპროფესიონალის ხელში მოხვედრა ძალზედ სახიფათოა.
რა ხდება სხვა ქვეყნებში?
გერმანია
გერმანიაში, მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს კანონი 18 წელს ზემოთ ასაკის არაპროფესიონალებისთვის მაქსიმუმ F2 კატეგორიის პიროტექნიკის მიყიდვის უფლებას იძლევა. კანონი, ზოგადად, კრძალავს F3 და F4 კატეგორიის ფეიერვერკების გასაღებას. სამაგიეროდ, დიდ ქალაქებში, ახალი წლის დადგომისთვის პროფესიონალური ფეიერვერკის სანახაობის მოწყობაზე პასუხისმგებლობას, ადგილობრივი მერიები კისრულობენ.
ბრიტანეთი
ბრიტანეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ქუჩებში იკრძალება ფეიერვერკების გამოყენება (რაც შუშხუნებსაც გულისხმობს). ასევე, აკრძალულია 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ფეიერვერკის გაშვება. გამონაკლისია გაი ფოქსის ღამე, როდესაც აკრძალვის მონაკვეთი შუაღამისკენ გადაიწევს. ასევა, დივალი, ჩინური ახალი წელი და ახალი წლის ღამე, როდესაც აკრძალვის მონაკვეთი 01:00 საათზე იწყება. ბრიტანეთში ნებისმიერ დროს პიროტექნიკას ვერც შეიძენთ - ზემოთნახსენები აღნიშვნების თარიღებამდე, დაწესებულია კონკრეტული დროის შუალედები (თარიღიდან თარიღამდე), როდესაც შესაძლებელია ლიცენზირებული გამყიდველებისგან პიროტექნიკის ყიდვა.
ფინეთი
ფინეთში 2009 წლიდან აკრძალულია 18 წლამდე პირებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა. 31 დეკემბრის საღამოს საათებსა და ახალი წლის ღამეს, ფეიერვერკების გამოყენება ნებადართულია, თუმცა წლის ნებისმიერ სხვა დროს, პიროტექნიკის გამოყენებისთვის აუცილებელია სახანძრო სადგურის მიერ გაცემული ავტორიზაცია.
შვედეთი
21-ე საუკუნის დასაწყისიდან შვედეთში მკაცრი რეგულაციებით კონტროლდება პიროტექნიკის გამოყენება-გაყიდვა. 2002 წელს ეგრედ წოდებული „ასაფეთქებლები“ აიკრძალა, ხოლო 2014 წელს, მოზრდილი ე.წ რაკეტა ფეიერვერკები. რაკეტა ფეიერვერკის გაშვება „საკონტროლო ჯოხის“ საშუალებითაა ნებადართული. ისიც, სპეციალური საწვრთნელი კურსის დასრულებისა და მოწმობის აღების შემდეგ.
(2).jpg)
ჩეხეთი
ჩეხეთში ყურადღება პიროტექნიკის წონას ექცევა. 2015 წელს, სპეციალური მოწმობის გარეშე 10 კილოზე მძიმე ფეიერვერკების გაშვება აიკრძალა.
და ბოლოს... რა ხდება საქართველოში
საქართველოში კანონი პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვას კრძალავს. ამასთან ერთად, პიროტექნიკის ღამის საათებში გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს. ღამის საათებად მიიჩნევა საღამოს 23:00-დან დილის 08:00-მდე (დილამდე) დროის მონაკვეთი. თუმცა, არსებობს გამონაკლისი, რაც პიროტექნიკის ღამის მონაკვეთში გამოყენების შემთხვევაში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს თავიდან აარიდებს ადმინისტრაციულ სანქციას, გაფრთხილებას, ან ჯარიმას (მაქსიმალური ოდენომა - 1000 ლარი).
ალბათ გასაკვირი არაა, რომ ეს გამონაკლისი ახალი წლის ღამეს ეხება და მოქმედებს 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე. ამ პერიოდში, იურიდიული ან ფიზიკური პირი პიროტექნიკის გამოყენებისთვის არ დაისჯება. მოკლედ, ეს ერთგვარი რეგულაცია, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებას არეგულირებს, ახალი წლის ღამეს სრულიად უფუნქციოა.

როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს თუ არა პიროტექნიკის გაყიდვაზე და მოხმარებაზე დაწესებული რეგულაციები საქართველოში?
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0