„ბრიტანულმა ბანკმა, რომელმაც 2012 წელს თავიდან აირიდა ფულის გათეთრებისთვის პასუხისგება, ტერორისტული დაჯგუფებების დამფინანსებლების დახმარების მიზნით, მილიარდობით აშშ დოლარის ტრანზაქციები განახორციელა,“ - ნათქვამია აშშ-ის სასამართლო დოკუმენტებში.
ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილი ახალი დოკუმენტები ამტკიცებს, რომ 2008-2013 წლებში, ბანკმა 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ათასობით ტრანზაქცია განახორციელა და, ამავდროულად, დაარღვია ირანის მიმართ დაწესებული სანქციები. დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადგინა, რომ განხორციელდა 9,6 მილიარდი აშშ დოლარის სავალუტო ტრანზაქციები იმ პირებთან და კომპანიებთან, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ ისეთი "ტერორისტული დაჯგუფებების" დაფინანსებად შეაფასა, როგორებიცაა „ჰეზბოლა“, „ჰამასი“, „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“. ბანკმა აღნიშნული ბრალდებები უარყო და მათ აშშ-ის ხელისუფლების მიერ "სრულიად დისკრედიტირებული" უწოდა.
როგორც BBC-ი წერს, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Standard Chartered-ს საჯაროდ იყო დადანაშაულებული Swift-ზე [საერთაშორისო გადახდის სისტემა, რომელსაც ათასობით ფინანსური ინსტიტუტი იყენებს] ტრანზაქციის მონაცემების გაყალბებაში, კერძოდ, სანქცირებული სუბიექტების სახელით, (როგორიცაა ირანის ცენტრალური ბანკი) ნიუ-იორკის ფილიალში მილიარდობით დოლარის გადატანაში. თუმცა 2012 წლის სექტემბერში, კამერონის მთავრობის კანცლერი ჯორჯ ოსბორნი, ბანკის სახელით, აღნიშნულ საქმეში ფარულად ჩაერია და თავი აარიდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წაყენებულ ბრალდებაზე პასუხისგებას. მოგვიანებით კი, ჯერ 2012 წელს და შემდეგ 2019 წელს, ბანკმა ორჯერ აღიარა ირანისა და სხვა ქვეყნების მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა და 1,7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ჯარიმები გადაიხადა, თუმცა არ აღიარა „ტერორისტული“ ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ Standard Chartered Bank-მა მრავალი ტრანზაქცია განახორციელა „ირანის ბანკებთან, ირანულ კომპანიებთან და ახლო აღმოსავლეთის საფონდო ბირჟებთან, რომლებიც, [აშშ-ის მთავრობის] თანახმად, აღნიშნულ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ“.
”ეს მიუთითებს [Standard Chartered Bank-ის] სახიფათო კავშირს არა მხოლოდ კომერციულ სუბიექტებთან, არამედ ტერორისტულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „ჰეზბოლა“, „ჰამასი“, „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“, რაც შოკისმომგვრელია“, - განუცხადა BBC-ს ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის ყოფილმა გენერალურმა მრჩეველმა, დანიელ ოლტერმა.
0
0