დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ქართულ პოლიტიკაში პიკს აღწევს. ოპოზიცია ქვეყანაში მაქსიმალურად გაზრდილ პოლარიზაციაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ, ამ მიმართულებით, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს.
"პოლიტიკური პროცესი იმგვარი წარიმართა, მათ შორის, "ქართული ოცნების" დამსახურებით, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმები არ მუშაობს, რომელიც უნდა მუშაობდეს ცივილიზებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამიტომ ხალხი ბრაზდება და ეს გადაიზარდა სიძულვილში. არაფერი კარგი არ გველის მომავალში, მე ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი სიძულვილი და დაპირისპირება იქნება," - განაცხადა "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
თავის მხრივ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციას ადანაშაულებს "ქართული ოცნება". მათი განმარტებით, ძალადობა ძალადობას წარმოშობს, ქვეყანას კი არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება სჭირდება.
"ამ კამპანიის უკან ძალიან ცალსახად ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" სახეებიც და მათთან დაკავშირებული პირებიც. თუ მათ ჰგონიათ, რომ ისინი არიან უმრავლესობაში, ძალიან ცდებიან. უმრავლესობა არის სულ სხვა მხარეს, უმრავლესობა ძალიან კარგად აცნობიერებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება და უმრავლესობისთვის ნამდვილად არ არის მისაღები პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0