
ეუთო-ს მსგავსი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც წესი, ჩამოდიან მოლაპარაკებებზე, რომ კიდევ სცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე, რასაც, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ჰქვია, გაფრთხილებების მიმღები შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დამატებითი პროპაგანდისტული საკვები დასავლეთის მხრიდან არ უნდა მიეწოდოს.
„უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ ელაპარაკება. „ქართულ ოცნებასაც“ რომ შესაბამისი მესიჯები გადასცენ, რომლის მიზანიცაა ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ავიტანთ. ჯო უილსონის შეფასება არის ცალსახად სწორი. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სახით დამატებითი პროპაგანდისტული საკვები დასავლეთის მხრიდან არ უნდა მიეწოდოს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, ის ჩამოდის და შესაბამისი ვიზიტი დაგეგმილია, დარწმუნებული ვარ, ის გზავნილები, რომელიც არსებობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასთან, ახალი არჩევნების დანიშვნის თარიღთან, ცესკო-ს ცვლილებებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებთან დაკავშირებით, ეს საკითხი იქნება პირდაპირ განსახილველი, მაგრამ უმჯობესი იყო ამ ფორმით არ მომხდარიყო ამ გზავნილების გადმოცემა „ქართული ოცნებისთვის““, – განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ იმყოფება.
0
0