
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ამასთან, კალაძემ ისაუბრა გამოწვევაზე, რაც დედაქალაქში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობებს უკავშირდება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში 10 000 შენობა-ნაგებობა არის, რომლებსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული.
„მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო იმ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. სამწუხაროდ, ავარიული კორპუსის ჩამონგრევამ, აღნიშნულმა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია ორი ადამიანის გარდაცვალება. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს, ახლობლებს. ცხადია, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. მინდა, შევეხო ზოგადად, ავარიული შენობა-ნაგებობების თემას. ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი განმარტების გაკეთება მომიწია, თუმცა მანამდეც ბევრს ვსაუბრობდით აღნიშნულთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვეცდები, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია აღნიშნულ გამოწვევასთან, პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს ქალაქში. დედაქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თბილისში არსებული შენობა-ნაგებობების გარკვეული ნაწილი, რაც ჩვენ გვაქვს დათვლილი, დაახლოებით ათი ათასი შენობა-ნაგებობა არის ავარიული, რომლებსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსები საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას, ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლებას. 2021 წელს წარვუდგინეთ საზოგადოებას დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით, წლების განმავლობაში მომხდარიყო ამ შენობების ჩანაცვლება. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ რამდენიმე წელში შესაძლებელი იქნება ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება. ეს შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევ საცხოვრებელ კორპუსზეა საუბარი. დედაქალაქში ძალიან ბევრია ასეთი შენობა-ნაგებობა. იცით, რომელი წლიდან არის შენობები აშენებული, რომელსაც მოხმარების თავისი ვადა ჰქონდა. სერიოზული გამოწვევა გვაქვს ამ მიმართულებით.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხშირად მაცხოვრებლები უარს ამბობენ შენობების ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობაზე. მერმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შანსი და დატანხმდნენ მუნიციპალიტეტის შეთაბვაზებას.
„მინდა, შევეხო ერთ საკითხს, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. როდესაც საუბარი მიმდინარეობს ჩანაცვლებაზე, ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევებში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და არ გვაქვს იმისი უფლებამოსილება, იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამის უფფლება და შესაძლებლობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოხდა მოსახლეობის ვერდაკმაყოფილება. სამშენებლო კომპანიებმა, რომელბმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან. უამრავი ასეთი შენობა-ნაგებობა გვქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები. ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული, გაუბედურებული მოსახლეობა იყო, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს. აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე, საუბარია, რომ ჩვენ, მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელიც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არაფერი გექნებათ გადასახდელი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. ვიდრე სამშენებლო სამუშაობი დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი. შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ ორი წელი სჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და გადმოგეცემათ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომლებშიც ცხოვრობდით. უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, შესაძლებლობა, გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მასში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0