
ეს არჩევნები არ არის, ეს არის რუსული სპეცოპერაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„არჩევნები რომ არჩევნები იყოს, ან თუნდაც, ისეთი პროცესი იყოს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული, ამგვარი მაინც რომ იყოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა მოწინავე პარტია, რომელიც ამ აქციაში მიიღებდა მონაწილეობას. ის პარტიები, რომლებიც არიან საარჩევნო პროცესში, იქიდან მოვლენ, თუ არ მოვლენ აქციაზე, ეს მეორეხარისხოვანია”, – განაცხადა სანიკიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ არის პროცესებზე პასუხისმგებელი, რათა აქცია იყოს მშვიდობიანი, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის ის, რომ „ქვეყანაში არ მოხდეს მოჩვენებითი რეალობის შექმნა, სიტუაციის ნორმალიზაცია და ივანიშვილის ხელისუფლების გახანგრძლივება“.
„ოპოზიციის და მათ შორის, კონკრეტულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაა, საკუთარი მხარდამჭერების კრიტიკული უმრავლესობა დაარწმუნოს, რომ რუსთაველის გამზირზე იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ როგორც აღვნიშნე, 4 ოქტომბერს, ოთხ საათზე, ყველამ, ვინც გადმოაბიჯებს რუსთაველის გამზირზე, უნდა დაივიწყოს პარტიული ინტერესი, პარტიული იდენტობა და აქ უნდა მოვიდეს საქართველოს ეროვნული დროშით ამ ქვეყნის ღირსების დასაცავად. ამის შემდეგ, რაც შეეხება გეგმას, ლოკაციას, როგორც არაერთგზის აღნიშნულია, ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მიერ, ვიდრე თავისუფლებაზე იყო და დარწმუნებული ვარ, საპატიმროში ყოფნა ამაში ხელს არ შეუშლის, ამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი, დღის წესრიგი რა იქნება უშუალოდ 4 ოქტომბრის მანიფესტაციის, რა ლოკაციებზე იქნება და რა სამოქმედო გეგმით იქნება წარმოდგენილი ის ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს არწმუნებს, რომ 4 ოქტომბერი არის ბრძოლის ის თარიღი, როდესაც ქართველებს შეგვიძლია ივანიშვილის ხელისუფლების ერთხელ და სამუდამოდ დამარცხება“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ეს არ იქნება აქცია, სადაც ისინი მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
„პირდაპირ მოვითხოვთ ხელისუფლების წასვლას, გადადგომას და ასე შემდეგ. ანუ, მოვითხოვთ ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნებას, რაც არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რადგან ეს კონსტიტუცია გადათელილია, ყოველდღიურად არღვევენ 78-ე მუხლს და რაც მთავარია, იმ შინაარსს, რომ ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას ქუჩიდან, ამით ნურავის ნუ შეაშინებენ. იმიტომ, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გარღვევა დიახ, მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოხდა, როდესაც ხაზს ვუსვამ, ერთი კაცი არ დაშავებულა, არც სამართალდამცველების მხარეს და არც დემონსტრანტების მხარეს“, – განაცხადა სანიკიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მათ ასეთი მოლოდინი, რომ ეს იქნება მეორე ვარდების რევოლუცია, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ მას სჯერა, თუკი ქართველი ხალხის სურვილი იქნება და ასობით ათასი მოქალაქე იქნება ქუჩაში გამოსული, ამის ყველა წინაპირობა არსებობს, ხელისუფლების შიგნით დაწყებული კონფლიქტით, დამთავრებული მასობრივი მანიფესტაციით, რომელიც იქნება კანონიერი და კონსტიტუციური.
შეკითხვაზე, რა ლოგიკას ხედავს „ლელოს“ გადაწყვეტილებაში და მისაღებია თუ არა მისთვის არჩევნებიდან აქციაზე მისული „ლელო“, რადგან ის პირადად ჰპირდებოდა „ლელოს“, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით უარს ათქმევინებდა არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც ფაქტია, არ გამოუვიდა და 4 ოქტომბერს დილით არჩევნებზე, საღამოს კი აქციაზე მისვლას აანონსებს ირაკლი კუპრაძე, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილებაში ვერავითარ ლოგიკას ვერ ხედავს.
„მე ვერავითარი ლოგიკას ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვხედავ. მე მჯერა, რომ არავითარი მარცხი ჩვენ არ განგვიცდია, პირიქით, საზოგადოებრივი აზრი რომ დაინახეს, ამიტომ დაამატეს ეს, დილას არჩევნები და საღამოს რუსთაველი. ეს საზოგადოებრივი აზრის გამარჯვების შედეგია, რადგან მათ გზაზე თავად ამბობენ უარს, ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია. ჩვენ როგორც ვამბობდით, რომ ამ ხელისუფლების ცვლილების გზა გადის ქუჩაზე, ზუსტად იმას მივყვებით, მაგრამ „ლელო“ აბსოლუტურად წარმოუდგენელ კომბინაციას გვთავაზობს. გახარიას პარტიას მე მგონი, პოზიცია აქვს, რომ საერთოდ არც აპირებენ მოსვლას. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ რუსთაველის გამზირის შემოსასვლელში არავინ არ იქნება კონტროლიორი, რომ ბილეთი დაარიგოს, ვინ შევიდეს და ვინ არ შევიდეს, მაგრამ „ლელოს“ მენეჯმენტის პოზიცია ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი“, – განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ვინმე თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს, ნებსით თუ უნებლიედ, არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც ბრძოლას უღალატა.
შეკითხვაზე, რა ხდება და როგორი იქნება ოპოზიციის გეგმა უკვე ხუთი ოქტომბრიდან იმ შემთხვევაში, თუ აქციაზე არ მივიდა იმ რაოდენობის ხალხი, რასაც ელოდებიან, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ შეიძლება, ეს რწმენის საკითხია და ვიღაცამ პოლიტიკური რაციონალიზმის მიღმა ჩაუთვალოს, მაგრამ მას აქვს „აბსოლუტური რწმენა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე წარმოუდგენელი რაოდენობის ხალხი იქნება და შესაბამისად, ამ სცენარს არ უშვებს და ვერც განიხილავს“.
0
0