
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ყოფილ დირექტორს, ენტონი ფაუჩის ირგვლივ პოლიტიკური და სამართლებრივი დავა კვლავ ძალიან მწვავე ფაზაშია.
ოთხშაბათს სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე გამართულ ხმაურიან მოსმენაზე, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და პანდემიის დროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეძღვნებოდა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ სენატორების კითხვებს არ უპასუხა. მან განაცხადა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით გარანტირებულ უფლებას გამოიყენებდა, რათა რესპუბლიკელებს მისი ჩვენება ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისაცემად არ გამოეყენებინათ. ფაუჩიმ ამ უფლებით 111-ჯერ ისარგებლა.
საქმე ეხებოდა ვირუსების „ფუნქციების გაძლიერებისკენ“ მიმართულ ლაბორატორიულ კვლევებს და იმას, მოხვდა თუ არა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების დაფინანსება ჩინეთში, უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. ფაუჩი წარსულში ამ ბრალდებებს უარყოფდა.
სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა მათთვის განკუთვნილი დრო პანდემიის პერიოდში ფაუჩის მიერ გაცემული რეკომენდაციების გასაკრიტიკებლად გამოიყენეს.
მათ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი დასდეს საზიანო რეკომენდაციების გაცემაში, როგორიც ლოკდაუნებია, და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სიმართლის დამალვაში.
დემოკრატებმა ფაუჩი დაიცვეს და ეს მოსმენა წარმოაჩინეს როგორც რესპუბლიკელთა მცდელობა, ფაუჩი ცრუ ჩვენების მიცემამდე მიეყვანათ.
მას შემდეგ, რაც ფაუჩიმ კონსტიტუციის მეხუთე შესწორება ასზე მეტჯერ მოიშველია, კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლიმ, რომელიც დიდი ხანია ფაუჩის აკრიტიკებს, ფაუჩი კონგრესის მოტყუებაში დაადანაშაულა.
„თუ სიმართლეს იტყვის, ცრუჩვენების მიცემა არ ემუქრება, მეტიც, შეუძლია ისიც კი აღიაროს, რომ წარსულში ცრუობდა. შეუძლია აღიაროს დოკუმენტების განადგურება ან ისიც, რომ, იცით რა, საქმის ორივე მხარე არაადეკვატურად წარმოაჩინა, რაც, არსებითად, დანაშაული როდია. შეუძლია ყველაფერი აღიაროს. ერთადერთი, რაც მას არ შეუძლია, ისევ მოტყუებაა“. - განაცხადა რენდ პოლმა.

ფაუჩიმ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ პოლის განმეორებითი თავდასხმები გახდა მიზეზი იმ გადაწყვეტილებისა, რომ ესარგებლა აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით გარანტირებული უფლებით და რენდ პოლი „შეშლილად“ მოიხსენია.
„ერთადერთი დასკვნა, რომლამდეც შემიძლია მივიდე, არის ის, რომ ამ კომიტეტის სხდომაზე ჩემი გამოძახების ერთადერთი მიზეზი ჩემთვის რაიმეს, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს წამოცდენაა, რაც გაამართლებდა მის არაერთ საჯარო დაპირებას, რომ მე, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ციტატას ვიწყებ, „გისოსებს მიღმა“ აღმოვჩნდები“, — განაცხადა ფაუჩიმ შესავალ სიტყვაში.
ცნობისთვის, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლო საათებში ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფაუჩი და სხვა პირები შეიწყალა, რათა ის შესაძლო პოლიტიკური დევნისგან დაეცვა. თუმცა, რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეს შეიწყალება მას ვერ დაიცავს, თუ მან კონგრესს ახალ მოსმენებზე მოატყუა ან თუ შტატების დონეზე წაუყენებენ ბრალს (მაგალითად, ფლორიდის შტატის გენერალურმა პროკურორმა უკვე გამოაცხადა შტატის დონეზე გამოძიების დაწყება).
კონგრესმენმა რედ პოლმა არ გამორიცხა ფაუჩისთვის ჩვენების გამო ბრალის წარდგენის შესაძლებლობა და განაცხადა: „ჩვენ გავარკვევთ“, უნდა მიეცეს თუ არა იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
მოსმენის დროს რესპუბლიკელი სენატორები არაერთხელ შეეცადნენ ფაუჩი კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოეწვიათ. მისურის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯოშ ჰოულიმ, მას საკუთარი ჰალსტუხისა და იატაკის ხალიჩის ფერების დასახელებაც კი სთხოვა. ფაუჩი ყველა კითხვას ერთი და იმავე ფრაზით პასუხობდა: „იურისტის რჩევით, კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით გარანტირებულ ჩემს უფლებებზე დაყრდნობით, პატივისცემით უარს ვაცხადებ პასუხის გაცემაზე“.
დაკითხვის ბოლოს რედ პოლმა ფაუჩის უთხრა, რომ პასუხის გაცემაზე უარის თქმას მისთვის შესაბამისი „შედეგები“ მოჰყვებოდა.
„ამ მოსმენის შემდეგ კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რა ზომები მიიღოს თქვენ წინააღმდეგ იმის გამო, რომ ბრძანების მიუხედავად, ჩვენებაზე უარი განაცხადეთ, კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევაა. დღეს ჩვენების მიცემაზე თქვენს უარს აუცილებლად მოჰყვება შედეგები“.- განაცხადა სენატორმა.
კომიტეტში წამყვანმა დემოკრატმა, მიჩიგანელმა გარი პიტერსმა, გამოსვლისას რესპუბლიკელების ქმედებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მოსმენები „რეალურ ზიანს აყენებს“ პროცესს.
„დიდია ცდუნება, განტევების ვაცად აქციო ერთი ადამიანი იმ კრიზისის გამო, რომლის მოგვარებაზეც პასუხისმგებლობა როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის ადმინისტრაციის ასობით ჩინოვნიკს ეკისრებოდა“, - თქვა პიტერსმა და დასძინა, რომ ადამიანებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
„სამწუხაროდ, ეს სხვა სამეცნიერო წრეების ექსპერტებს საჯარო სამსახურში მოსვლის სურვილს დაუკარგავს, რადგან დაინახავენ, თუ რისი გადატანა მოუწევთ ჩვენთვის კონსულტაციების გაწევის სანაცვლოდ“- განაცხადა მან.
რესპუბლიკელი სენატორები და კრიტიკოსები ფაუჩის რამდენიმე ძირითად მიმართულებას ედავებიან:
-
COVID-19-ის წარმოშობა და უხანის ლაბორატორია: კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) ფაუჩის ხელმძღვანელობით დააფინანსა ე.წ. Gain-of-Function (ვირუსის თვისებების გაძლიერების) კვლევები ჩინეთში, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ კვლევებმა და ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვამ გამოიწვია პანდემია.
-
კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემა (Perjury): სენატორ რენდ პოლის თქმით, ფაუჩიმ იცრუა წინა საპარლამენტო მოსმენებზე, როდესაც უარყო უხანის ლაბორატორიისთვის ასეთი ტიპის კვლევების დაფინანსება.
-
საზოგადოებრივი პოლიტიკის შეზღუდვები: მას აკრიტიკებენ პანდემიკის დროს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების (პირბადეების სავალდებულო ტარება, სკოლების დახურვა, ლოქდაუნები) გამო და ადანაშაულებენ უფლებამოსილების გადამეტებაში.
-
პირადი დღიურები და ჩანაწერები: სენატორმა რენდ პოლმა და ჯანდაცვის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს ფაუჩის პირადი დღიურების ათასზე მეტი გვერდი. რესპუბლიკელების მტკიცებით, ჩანაწერები აჩვენებს, რომ ფაუჩის პრივატული ეჭვები და საჯარო განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
0
0