11/07/2023
09:12
საზოგადოება
ბოლო დროს ბავშვებში სხვადასხვა ტიპის ინფექცია აღენიშნება, რაც უმართავი ცხელებითა და საერთო სისუსტით ხასიათდება და ამის გამო, კლინიკაში ხვდებიან.
ამასთან დაკავშირებით, ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავა მშობლებს საჭირო რჩევებს უზიარებს, თუ როდის უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად:
„ახალი ტიპის ინფექცია ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, უბრალოდ სეზონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ინფექციის გავრცელება შემთხვევების შედარებით გაზრდას იწვევს. თუ ბავშვს დაავადების მწვავე დასაწყისი, უმართავი, მაღალი ტემპერატურა აქვს, აღენიშნება ღებინება, ძლიერი საერთო სისუსტე, ვერ იღებს სითხესა და საკვებს - ეს არის აუცილებელი ჩვენება, რომ პროცესში სპეციალისტი ჩავრთოთ და მისგან მივიღოთ სწორი რეკომენდაციები. შესაძლოა, პაციენტი აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ბინაზე იმართოს, ან ექიმმა დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა და კლინიკაში გადაყვანა გთხოვოთ.
მნიშვნელოვანია, შევაფასოთ, საქმე ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს, თუ ბაქტერიულთან - შესაბამისად, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობით მალევე, რამდენიმე დღეში უმჯობესდება მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მთავარი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ არის ის, თუ როდის ჩართონ ექიმი პროცესში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადი პრინციპია - თუ ბავშვს უმართავი ტემპერატურა აქვს, ან აღენიშნება ფონური დაავადება, რაც პროცესს კიდევ უფრო ამწვავებს და გართულებების რისკს ქმნის, ან მდგომარეობა არ უმჯობესდება და პირიქით, სიმპტომები კიდევ უფრო მეტადაა გამოხატული, ასეთ დროს აუცილებელია, სპეციალისტს დაუკავშირდეთ და მდგომარეობა შეაფასოთ", ამბობს გოგინავა.
მისივე თქმით, ბაქტერიული ინფექციები ანტიბიოტიკოთერაპიით იმართება. „თუ სწორ მკურნალობას არ ჩავატარებთ, შესაძლოა, სხვადასხვა გართულების წინაშე აღმოვჩნდეთ. მათ შორის, შესაძლოა, განვითარდეს ბაქტერიული პნევმონია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, მძიმე ბაქტერიული ინფექცია და ასე შემდეგ. ამიტომ, დროულად განსაზღვრას, საქმე ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს, თუ ბაქტერიულთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ მშობელი საყურადღებო ნიშნებს ამჩნევს, აუცილებელია პედიატრს, სპეციალისტს მიმართოს და სწორი რეკომენდაციები მიიღოს. ინფექცია ბაქტერიულია, თუ ვირუსული, ამის შეფასება დამოუკიდებლად ძალიან გაუჭირდება, რადგანაც დასაწყისი შეიძლება, თავიდან მსგავსი იყოს, - ამბობს ექიმი. გოგინავას თქმით, ამ სეზონზე მწერის ნაკბენით გართულებების შემთხვევებიც ბევრია. მათ შორის, აქტუალურია ტკიპა.
„ვიცით, რომ ტკიპას სხვადასხვა დაავადება გადააქვთ, თუმცა ძალიან ცუდი პრაქტიკაა, რომ ტკიპის ნაკბენის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებას თვითნებურად იწყებენ. მსგავსი ქცევა გაუმართლებელია. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება, ეს იქნება პრევენციული დოზის მიღება, თუ კურსის ჩატარება, ამას ექიმი აფასებს და თვითნებურად პაციენტი გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს, ან თავად, მოზრდილს, აქვს მწერის ნაკბენი, რომელიც გართულებულია, ამჩნევს, რომ შეშუპებულია, ამავდროულად, აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია, ექიმს უნდა მიმართონ და ის გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა ჩაატაროს“,- თქვა გოგინავამ.
0
0