
უკრაინელები კვლავ მიიჩნევენ, რომ ნატოში გაწევრიანება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო ვარიანტია, თუმცა მათი წილი ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 38%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს „დემოკრატიული ინიციატივების“ ფონდისა და რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ 2025 წლის 5 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
როგორც აღინიშნება, უკრაინის ცალკეული საერთაშორისო პარტნიორებისგან, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-ისგან მიღებული სიგნალები, უკრაინელებში ნატოს მიმართ, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების საუკეთესო ვარიანტისადმი ინტერესს ასუსტებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ფარდობითი უმრავლესობა ნატოს ალტერნატივებს შორის დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევს.
გასული წლის დეკემბერთან შედარებით, მოსახლეობის იმ ნაწილის წილი, რომელმაც ნატოში გაწევრიანებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო ვარიანტი უწოდა, 55%-დან 38%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ნატოს მხარდაჭერის კლებას არ ახლავს უბლოკო სტატუსისადმი სიმპათიების ზრდა.
სამაგიეროდ, შეინიშნება მოლოდინების გადანაწილება ალტერნატიული, ნაკლებად ამბიციური ან უფრო მოქნილი უსაფრთხოების მოდელებისკენ.
კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა იმათი წილი, ვინც იმედებს ამყარებს სტრატეგიული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებზე ნატოს ცალკეულ წევრ ქვეყნებთან (9%-დან 15%-მდე).
ასევე გაიზარდა უკრაინის ნეიტრალური სტატუსის მხარდაჭერა საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების პირობით (12%-დან 16%-მდე), ისევე როგორც იმ ვარიანტისა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებზე ფსონის დადებას გულისხმობს, ყოველგვარი საგარეო გარანტიების გარეშეც კი (3%-დან 7%-მდე).
0
0