25/02/2026
00:36

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით 107 ქვეყნის ხმით მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ - რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არ იყო აშშ, - წერს უკრაინული მედია.
რეზოლუციის ინიციატორი უკრაინა იყო. დოკუმენტი მოუწოდებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რეზოლუცია ასევე მოითხოვს სამხედრო ტყვეთა სრულ გაცვლას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებასა და სამოქალაქო პირების დაბრუნებას.
რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 12: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, ერიტრეა, მალი, სუდანი, ნიკარაგუა და ნიგერი.
კენჭისყრისგან თავი 51-მა ქვეყანამ შეიკავა. მათ შორის არიან: აშშ, უნგრეთი, ჩინეთი, სომხეთი, ინდოეთი, ყაზახეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
აშშ ასევე ცდილობდა რეზოლუციაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობის შესახებ პუნქტების ამოღებას. გენერალურმა ასამბლეამ ამერიკული მხარის წინადადებები უარყო. მათ წინააღმდეგ ხმა 69-მა ქვეყანამ მისცა, მომხრე 11 იყო, ხოლო 62-მა თავი შეიკავა.
0
0