
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას უთხრა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. ამის შემდეგ კი დაიწყება მოლაპარაკებათა სერია, რათა მომზადდეს ის რეფორმები, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უნდა გაატაროს.
"კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის თქვენ ბევრი გააკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. მაგალითისთვის, კორუფციასთან ბრძოლა". - აღნიშნა ლეიენმა საერთო კონფერენციაზე.
საერთო პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპაა.
"სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის დადებითი პასუხი უკრაინის წევრობის განაცხადზე შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0