
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, თურქეთის მხრიდან ხელშეწყობის მიუხედავად, დღეს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დიპლომატიური გზით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
პოდოლიაკმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების გაძლიერებასა და რუსეთის მცდელობებზე, „სრულად გაანადგუროს“ სამხრეთ საპორტო ქალაქი მარიუპოლი. მანამდე კი პოდოლიაკმა თქვა, რომ აფეთქებები, რომლებიც უკრაინის მოსაზღვრე სამ პროვინციაში დაფიქსირდა, რუსეთისთვის არის "კარმა" და საპასუხო ქმედება უკრაინაში შეჭრაზე. მიხაილო პოდოლიაკი ინციდენტებზე უკრაინის პასუხისმგებლობას არ აღიარებს.
დღეს დილით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბრძოლო მასალების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა; სოფელი უკრაინის საზღვრიდან 20 კმ-ში მდებარეობს. გუბერნატორის ცნობით, სახლები არ დანგრეულა და არავინ დაშავებულა.
0
0