
უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ში გაწევრიანებასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, მოვთხოვოთ უკრაინას სერიოზულად განიხილოს ტერიტორიული დათმობები, თუ ის არ მიიღებს რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს რაც შეიძლება მეტი ქვეყნისგან, რომ, სულ მცირე, დანარჩენი ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ვადეპულმა.
ვადეპულის თქმით, იმედი აქვს, რომ სწორედ ასეთი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა საბოლოოდ შეძლებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას. მისივე თქმით, ასეთი გარანტიები საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს.
„შემდეგ ეს შეიძლება, გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ევროპაში საბოლოოდ ვიპოვოთ მშვიდობა“, – აღნიშნა ვადეპულმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველყონ.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის დაახლოებით 30-მა სახელმწიფომ, მათ შორის იაპონიამ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამასთან, ვადეპულის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება არ უნდა გადაიქცეს „დიქტატორულ მშვიდობად“ უკრაინის საზიანოდ.
0
0