
BBC ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობაზე რჩება მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შეძლო.
8 თებერვალს უკრაინის უმაღლესმა რადამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები, ასევე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სამი მეთაური დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირებში არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანის კომენტარი გავრცელდა, სადაც ისინი რეზნიკოვის გადადგომას პროგნოზირებდნენ, იგი ჯერჯერობით თანამდებობას ინარჩუნებს.
აქამდე უმაღლეს რადაში ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაური, კირილო ბუდანოვი დაიკავებდა, ხოლო რეზნიკოვს სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად დანიშნავდნენ.
ამის საპასუხოდ, რეზნიკოვმა უკრაინულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მასთან პრეზიდენტს შესაძლო გადაყენების თაობაზე არ უსაუბრია და სიტყვები, რომლებიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ თქვა, მისთვის სიახლეა.
ბოლო კვირებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებენ. 3 თებერვალს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სქემა, რომლის ფარგლებშიც ჯარის საკვებით მომარაგებისთვის საჭირო თანხებს ითვისებდნენ. ზარალი 119.5 მილიონ გრივნას უტოლდებოდა.
ამას წინ უსწრებდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც უკრაინის თავდაცვის უწყების გარშემო სკანდალი გამოიწვია. ამ მოვლენების ფონზე, გადადგა რეზნიკოვის მოადგილე.
0
0