18/07/2023
14:30
მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა ქალი, რომელიც უკრაინის სადაზვერვო სამსახურების დაკვეთით აგროვებდა ინფორმაციას „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის“ შესახებ.
რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეჭვმიტანილი საკუთარი ტელეფონით იღებდა რუსეთის იაროსლავის რეგიონში, ჰიდროელექტროსადგურთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიას. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, როგორ აკავებენ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და პოლიციის ნიღბიანი აგენტები ქალს თავისსავე ოფისში.
რუსულმა საინფორმაციო არხმა Baza-მ გაავრცელა ეჭვმიტანილსა და სავარაუდო უკრაინელ კოორდინატორს შორის გაცვლილი შეტყობინებები. შეტყობინებებში ირკვევა, რომ ქალი თანახმაა მიაწოდოს კოორდინატორს ადგილობრივი სარკინიგზო ხაზების, სამხედრო რეკრუტირების ოფისებისა და ჰიდროელექტროსადგურის რუქის კოორდინატები.
მეორე ეჭვმიტანილი კი შეტყობინებაში წერს რუსეთის მასშტაბით აფეთქებების ორგანიზებაზე და აღნიშნავს, რომ იაროსლავის რეგიონში ბევრი ჰიდროელექტროსადგურია.
„ჩვენ მათ ავაფეთქებთ, რათა რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები [აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ] ბახმუტიდან“, - წერს უცნობი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ეჭვმიტანილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ბრალდებით, რომელიც ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0